საკარანტინო ზომების ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან შესული ლარის ნიშნებს 14 დღე ცალკე ინახავს და მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გასცემს
მსოფლიოსა და საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი 16 მარტიდან, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
უწყების ინფორმაციით, ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 50 პროცენტი დისტანციურად ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის საშუალებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას.
იმავდროულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ეროვნული ბანკის როგორც ცენტრალური და დამხმარე ოფისების, ისე საკასო ცენტრის სადეზინფექციო წესით დამუშავების პროცედურა.
„როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში შემდეგი სახის საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ“, – აცხადებს ბანკი.
ამ პერიოდში, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციას დისტანციურად ვებპლატფორმითა და ონლაინ კონფერენციის მეშვეობით აწარმოებს.
ამასთან, 18 მარტს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელზეც კომიტეტის მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით.
ასევე, პირველი აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს ფულის მუზეუმი ყვარელში. ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით.