საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ინგოროყვას ქუჩაზე გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ამ დრომდე ინგოროყვას ქუჩაზე ჰყავთ გაჩერებული და გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ არ ეძლევათ პარლამენტთან პროტესტის გამოხატვის საშუალება. მათივე თქმით, ისინი დარჩებიან საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს.
პარლამენტის შესასვლელებთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ჯებირები.
აქცია იმართება რუსთაველის გამზირზეც, პარლამენტის შენობის წინ, სადაც შეკრებულები არიან მოძრაობა „ლელოს“ წევრები. ისინი აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლებს უერთდებიან, თუმცა პიკეტირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.