საკანონმდებლო ცვლილებებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, იცვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები.
„კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდობის კომპონენტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველ რგოლში გადატანა. ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან და ჩამოყალიბდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და დარჩება კულტურისა და სპორტის სამინისტრო“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
ამასთან, სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს მაკონტროლებელ ორგანოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განისაზღვრება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.