საკალათბურთო სუპერლიგა | „ქუთაისი“ საქართველოს სამგზის ჩემპიონია #1TVSPORT
საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ საქართველოს ჩემპიონია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩი თბილისში დაძაბულ ბრძოლაში – 90:82 მოუგო „კავკასიას“, საერთო ანგარიში 3:1 გახადა და ქვეყნის ჩემპიონი მესამედ გახდა.
აქამდე იმერულ კლუბს სუპერლიგა 2016 და 2022 წელს ჰქონდა მოგებული და ყველა ჯერზე კოტე ტუღუშის წინამძღოლობით. პირადად ტუღუშისთვის, მწვრთნელის ამპლუაში ეს გახლდათ საქართველოს ჩემპიონის მე-5 ტიტული – ხსენებულ ქუთაისურ ტიტულებთან ერთად მან ოქროს მედლები „არმიაში“ (2012) და „შსს აკადემიაში“ (2014) მოიგო.
„ქუთაისმა“ ჩემპიონობა დაიმსახურა, იმდენად კარგად ჩაატარა ფინალური სერიის თბილისური მატჩები, თუმცა „კავკასიაზეც“ სათქმელია: ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი ოფიდან ჩემპიონობის ორი კანდიდატი – მეოთხედფინალიდან თსუ და ნახევარფინალიდან გურჯაანის „დელტა“ გააგდო. ტიტულის მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატებად ამ გუნდებთან ერთად „ქუთაისი“ ითვლებოდა და სწორედ კოტე ტუღუშის გუნდი შეხვდათ კავკასიელებს ფინალში.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. სუპერლიგის 2023/24 სეზონის ფინალისტები ვერცხლისა და ოქროს მედლებით ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა და სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ დააჯილდოვეს.
გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელს ატარებს, „კავკასიის“ კალათბურთელ, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, გელა დარსაძის მეუღლემ ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.
სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო, რომელიც ზვიად მიქაძის სახელობისაა, გიორგი ოჩხიკიძემ ზვიად მიქაძის შვილებისგან მიიღო.
სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი კოტე ტუღუში სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე „ქუთაისის“ დეტრეკ ბრაუნინგი გახდა, რომელსაც ჯილდო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.