საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის მზადების პროცესში „ქუთაისმა“ ლატვიაში ოთხი მატჩი გამართა #1TVSPORT
სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ ლატვიურ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ევროსეზონისთვის ემზადება. ასე ადრიანად და, მით უფრო, ევროტურნირებისთვის მოსამზადებლად შეკრება ქართული კლუბებისთვის იშვიათობაა, თუმცა ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა მკვიდრდება.
შეგახსენებთ, შარშან, 5-წლიანი წყვეტის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში და შემდეგ ფიბა-ევროპის თასზე საქართველოს სუპერლიგის მაშინდელმა გამარჯვებულმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იასპარეზა, ამჯერად კი იმავე გზას ადგას „ქუთაისი 2010“, რომელმაც კოტე ტუღუშის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონობა გასულ მაისში ისტორიაში მესამედ მოიგო.
ქუთაისელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ანტალიაში იასპარეზებენ. ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდნენ, ქუთაისელებმა ზედიზედ სამი მეტოქე უნდა დაამარცხონ. თუ ეს ვერ მოახერხეს, იმერული კლუბი ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს, რომლის წილისყრაც 19 ივლისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა.
სანამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის გათამაშების ფორმატზე და გუნდის ფიბა-ევროპის თასზე შესაძლო გადასვლის შესახებ ვისაუბრებდეთ, „ქუთაისის“ შემადგენლობას და ლატვიურ ამბებს გამცნობთ. ახალი სეზონისთვის ასეთი შემადგენლობა შეირჩა: ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი (კაპიტანი), ჯოშუა ფორტუნი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია, გიორგი ოჩხიკიძე, თემურ დვალიშვილი, დაჩი ქავთარაძე, ნიკოლოზ სოსელია, ელია ჯოინერი და ბაქარ ბერეკაშვილი.
„ქუთაისმა“ ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც პირველი ორი მოიგო და მომდევნოებში დამარცხდა. პირველ შეხვედრაში იმერულმა კლუბმა ლატვიური „ზელი“ 92:86 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ესტონურ „პარნუს“ 91:77 სძლია, ხოლო მესამე თამაში ლატვიურ „ოგრესთან“ 77:94 დათმო. ლატვიური შეკრების დასკვნით სპარინგმატჩში ქუთაისელები „ვალმიერასთან“ 80:87 დამარცხდნენ. სუპერლიგის ჩემპიონი ქალაქ ვალმიერაში კიდევ ორი დღე დარჩება და ინტენსიურად ივარჯიშებს, რის შემდეგაც გეზს თურქეთისკენ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში სამონაწილეოდ აიღებს.
ქუთაისელები, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ, თუმცა როგორც გითხართ, ამ ტურნირიდან გამოვარდნის შემთხვევაში ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობა გარანტირებული აქვთ. წინასწარ გარკვეულია, თუ რომელ ჯგუფში მოხვდება „ქუთაისი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დამარცხების შემთხვევაში. არის 3 ვარიანტი, რომლებიც იმაზეა დამოკიდებული, საკვალიფიკაციოს რომელი ეტაპიდან გამოეთიშება გუნდი ბრძოლას – მეოთხედფინალიდან, ნახევარფინალიდან თუ ფინალიდან.
საკვალიფიკაციოში ქუთაისის პირველი (მეოთხედფინალი) მეტოქეა სლოვაკური „ლევიცე“. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი ბრძლას გააგრძელებსჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად, ხოლო წაგებული მოხვდება ფიბა ევროპის J ჯგუფში, სადაც გერმანული „ტელეკომ ბონი“, ბულგარული „ბალკანი“ და „ბილბაო“ (ესპანეთი)-„ნეპტუნასს“ (ლატვია) შორის გამარჯვებული მოხვდნენ.
თუკი ლევიცეს ბარიერი დაძლია, ქუთაისი ესტონურ „კალევს“ შეხვდება. ამ წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავა, დამარცხებული გუნდი კი ფიბა ევროპის თასზე გადავა და ითამაშებს B ჯგუფში, სადაც ესპანური სარაგოსა, თურქული ბურსასფორი და ანორთოსისი (კვიპროსი)-სტარლიტს (მალტა) შორის გამარჯვებული იქნებიან.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მინიტურნირის ფინალში წაგებულ გუნდს ეხება. გასაგებად რომ ვთქვათ, თუ ქუთაისმა „ლევიცესაც“ მოუგო, „კალევსაც“ და საკვალიფიკაციოს ფინალში გავიდა, წაგების შემთხვევაში ფიბა ევროპის თასის F ჯგუფში ითამაშებს – ბულგარულ „რილსკი სპორტისთან“, ფრანგულ „ლე პორტელთან“ და „ფეჰერვარი“ (უნგრეთი)-„პრლევიძას“ (სლოვაკეთი) შორის გამარჯვებულთან.
მთლიანობაში ფიბა-ევროპის თასზე 40 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 10 ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი. მომდევნო ეტაპზე 16 საუკეთესო გავა – ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, თუკი სამივე მეტოქის დამარცხებას მოახერხებს, „ქუთაისი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გადაინაცვლებს და ჯგუფში თურქულ „გალათასარაისთან“, ბერძნულ „პრომეთეასთან“ და გერმანულ „რასტა ვეხტასთან“ მოხვდება.