საკადრო საკითხებთან დაკავშირებით განცხადებას ირაკლი კობახიძე კვირის ბოლომდე გააკეთებს
საკადრო საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება არის მისაღები, მათ შორის ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, კობახიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი ინიშნება მაღალ თანამდებობაზე ერთ-ერთ სამინისტროში და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მინისტრი გააკეთებს განცხადებას.
„ახალ კადრებთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე იქნება ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე. ჯერჯერობით არცერთი ადამიანისთვის დღემდე ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია, ამის არცერთი პრეცედენტი არ ყოფილა. ჯერჯერობით გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს. როგორც კი ჩამოვყალიბდებით გარკვეულ პოზიციებზე, ამის შემდეგ დავიწყებთ შეთავაზებას. რაც შეეხება გუშინდელ მთავრობის სხდომას, ის ინიშნება საჭიროებისამებრ. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც ითხოვდა მთავრობის სხდომის ჩატარებას. ყველა მინისტრი მუშაობს ეფექტიანად, შესაბამისად, ისინი გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.