საკაბელო ოპერატორის შპს „ნიუკომის“ წარმომადგენელმა ზაზა აგლაძემ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკაბელო ოპერატორები არხების გათიშვას კვლავ არ აპირებენ.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, საკაბელო ოპერატორები, მარეგულირებელს საკუთარი პრეტენზიების შესახებ წერილობით მიმართავენ.
„დაგვპირდნენ, რომ ამ თემებზე საუბარი გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი არხის გათიშვას. ვფიქრობ, რომ სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილების მიღება იქნება შეუძლებელი, ამიტომ მოგვიწევს, ალბათ, სასამართლოში ამ დავის გაგრძელება. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ შეგვაქვს სარჩელი, თუ შემოიტანენ ისინი ჩვენს წინააღმდეგ, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ თანხის გადახდას მოსახლეობის ხარჯზე. ხვალ განცხადებით მივმართავთ კომისიას“, – განაცხადა ზაზა აგლაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები მარეგულირებელში გაგრძელდება.
რაც შეეხება მარეგულირებელ კომისიას, ისინი აცხადებენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა.
კომისიის წარმომადგენელის ივანე მახარაძის განმარტებით, კომისიამ საკაბელო ოპერატორების წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა.
„გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებაც შედგა. ამასთან, როგორც საკაბელო ოპერატორების ამბობენ, შესაბამისი საჩივრით და წინადადებებით უახლოეს პერიოდში შემოვლენ კომისიაში, რომელსაც კომისია უკვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს, კანონით განსაზღვრულ ვადებში“, – განაცხადა ივანე მახარაძემ.