საჯიდ კარიმი - მოხარული ვართ, რომ ქართული თხილი, კივი, ნიორი და ღვინო უფრო ხშირად ხვდება ჩვენ მაგიდაზე
მოხარულები ვართ, რომ ქართული თხილი, კივი, კენკროვანი ხილი, ნიორი და ღვინო უფრო ხშირად ხვდება ჩვენ მაგიდაზე, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტში გამართულ სხდომაზე გამოსვლისას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯიდ კარიმმა გააკეთა.
„საქართველო არის ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იმპლემენტაციასთან ერთად ევროკავშირში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი იზრდება. მოხარული ვართ, როდესაც ევროკავშირის ქართული თხილი, კივი, კენკროვანი ხილი, ნიორი და ღვინო უფრო ხშირად ხვდება ჩვენ მაგიდაზე. ასევე აუცილებელია, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჯერ ამ რეგიონებში ვერ მოქმედებს, თუმცა ასოცირების შეთანხმება სამომავლოდ ამას ითვალისწინებს, როდესაც შესაბამისი პირობები შესრულდება“, – განაცხადა საჯიდ კარიმმა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკოსები ევროკავშირის პოპულარიზაციისთვის შთამბეჭდავ სამუშაოს ასრულებენ.
„ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის საქართველო უდაოდ არის მოწინავე ქვეყანა. აღსანიშნავია არა მხოლოდ ის უამრავი რეფორმები, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, არამედ ხაზგასასმელი და შთამბეჭდავია ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა გასწიეს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, რათა მოეხდინათ ევროკავშირის მიერ გატარებული საქმიანობისა და იმიჯის პოპულარიზაცია საქართველოში“, – აცხადებს კარიმი.
საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზაობაზე ითანამშრომლოს ევროკავშირის ინსტიტუტებთან. კარიმის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის დროს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობამ საქართველოს დემოკრატიის სიმწიფე დაადასტურა.
„ჩვენი საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიმართა სექტემბერში, თბილისში და ეს იყო წარმატებული შეხვედრა. ამ დროს ჩვენ მივიღეთ ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები. ეს აჩვენებს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თანამშრომლობს, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაღრმავდეს. ჩვენი ქართველი პარტნიორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიზების ლიბერალიზაციას, რომელიც შარშან მარტში ამოქმედდა. სისტემა კარგად ფუნქციონირებს და იყო დარღვევების მხოლოდ ერთეული შემთხვევები. საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ გამოვლინდა ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების დროს, რომელიც ეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმის ყველა საკითხზე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. ეს მაინც ადასტურებს საქართველოს დემოკრატიის მაღალ დონეს და სიმწიფეს“, – განაცხადა კარიმმა.