საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 6 მარტს დაიწყება
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 6 მარტს დაიწყება

განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული ფორმით ტესტირება 6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება (დღეში ორ-ორი სესია). პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა ოთხი საათი იქნება.

განათლების სამინისტროს ცნობითვე, რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ. ამასთან, ტესტირებამდე ერთი საათით ადრე აუცილებელია აპლიკანტებმა რეგისტრაცია გაიარონ. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის არქონის შემთხვევაში, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დირექტორობის მსურველებმა, მათი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით აუცილებელია, განცხადებით მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა შესაბამისი ზომები იყოს მიღებული“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ცნობით, თბილისში ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, ხოლო აჭარის რეგიონში კოლეჯ „ახალ ტალღში“ ჩატარდება.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს სამინისტრო განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში უწყების ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, სერტიფიცირების შედეგად, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა.