საჯარო სკოლებში საყოველთაო რეგისტრაცია 15 ათასამდე პირველკლასელმა გაიარა
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს.
უწყების მონაცემებით, ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 15 ათასამდე მოსწავლე, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე საჯარო სკოლებში 61 555 თავისუფალი ადგილი იყო.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, დილის 09:00 საათზე დაიწყო და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, საბუთების წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მშობლებს საშუალება ექნებათ საბუთები სკოლაში წარადგინონ პირადად ან ელექტრონული ფორმით, როგორც სკოლა გადაწყვეტს.
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით წარიმართა და სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები დარეგისტრირდნენ.
მეორე ეტაპზე, 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით სკოლაში დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც იმავე სკოლაში სწავლობს, მისი მშობელი ან მეურვე საჯარო სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან პირველ კლასში ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედიოდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 472 ბავშვი დარეგისტრირდა, მეორე ეტაპზე კი 21 998.