„არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“ საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის მესამე ეტაპს იწყებს.
პილოტირება კერძო სკოლების შემდეგ უკვე საჯარო სკოლებში დაიწყება და მასში 156-ე და 31-ე სკოლები ჩაერთვებიან.
სასწავლო დაწესებულებაში დაინერგება ანტიბულინგური პროგრამა და მეთოდოლოგია. პროექტი სკოლის ყველა რგოლს მოიცავს, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ისე მშობლებსა და ადმინისტრაციას.
პროგრამის პირველი ორი ეტაპის ფარგლებში მომზადდა კომპლექსური ანტიბულინგური სასკოლო პროგრამის მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სკოლის კლიმატის კვლევის ინსტრუმენტს, მასწავლებელთა სახელმძღვანელოებს უფროსკლასელთათვის და უმცროსკლასელთათვის, ასევე სასკოლო მედიაციის შესახებ სახელმძღვანელოს.
„პროექტის პირველ ეტაპზე, განათლების სამინისტროს მხრიდან სასკოლო ბულინგის პრობლემის არაღიარებისა და თანამშრომლობის პროცესში შექმნილი გარკვეული ბარიერებიდან გამომდინარე, არ გახდა შესაძლებელი პროგრამაში საჯარო სკოლების ჩართვა. ამიტომაც, პილოტირების ეტაპში მხოლოდ კერძო სკოლები შემოგვიერთდნენ. ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილებისა და პარალელურად, საჯარო სკოლებში განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის გათვალისწინებით, რამდენიმე საჯარო სკოლამ გამოხატა ანტიბულინგური პროგრამის დანერგვის სურვილი. მათ შორის შეირჩნენ 156-ე და 31-ე სკოლები. იმედია, განათლების სამინისტრო კიდევ უფრო ჩაერთვება ამ პროცესში“, – განაცხადა „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ანა სუბელიანმა.