საჯარო სკოლებში აგვისტოს ომისა და ეროვნული გმირების შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ
მომავალი სემესტრიდან საჯარო სკოლებში საპილოტე რეჟიმში ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის ინფორმაციით, მოსწავლეებს გაკვეთილებს სამხედრო მოსამსახურეები ჩაუტარებენ, რომლებიც უკვე გადიან ტრენინგებს.
„თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ პროექტზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული, რომლის მიხედვითაც ახლა მიმდინარეობს ტრენინგები შერჩეული სამხედროებისთვის. ისინი გაივლიან ტრენინგმოდულს და სამინისტრო გაზაფხულიდან შეარჩევს რამდენიმე სკოლას თბილისსა და რეგიონებში“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, თავდაპირველად სავარაუდოდ 10-20 სკოლა შეირჩევა, რომლებშიც საგანი საპილოტე რეჟიმში შევა.
„მოგეხსენებათ საკითხები, რომლებიც სამოქალაქო თავდაცვას და პატრიოტიზმს შეეხება, ისედაც შესულია სამოქალაქო განათლების საგანში, თუმცა ამ საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია და მოსწავლეებს ეროვნული გმირების შესახებ აცნობს ინფორმაციას. უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს. ერთ-ერთი თემაა აგვისტოს ომი“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.
მისივე თქმით, აქცენტები გაკეთდება იმ მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ.
„მაგალითად, რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა, როგორ განვითარდა მოვლენები. საგანს საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაივლიან. საგანი ემსახურება იმას, რომ მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ საკუთარი ეროვნული გმირების ისტორიები. იქნება მსჯელობისა და დებატების ფორმატი. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია და მათ თავად გააანალიზონ და იმსჯელონ“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ.