„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის. კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაა, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში აღსანიშნავია სტაჟიორთა როლი, ასევე მათი ჩართულობა ორგანიზაციული მართვის პროცესებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შრომის ანაზღაურების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება.
მისივე თქმით, სტაჟიორის მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ მათი შრომის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება წარმოადგენს, რათა არ მოხდეს საჯარო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციის მატარებელ პირთა გადინება და მიღებული ცოდნა-გამოცდილება საჯარო ინტერესს მოხმარდეს.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
„საუბარია, დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა გვაქვს დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, რომ თუ უწყებას ამის საშუალება აქვს, უფრო მაღალი კოეფიციენტით განსაზღვროს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 1 000 ლარზეა საუბარი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.