საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონზე რამდენიმე მოსარჩელემ რეესტრში რეგისტრაციისთვის განაცხადი გააკეთა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დავით დევიძის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონზე რამდენიმე მოსარჩელემ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის სააგენტოში განაცხადი გააკეთა.
აღნიშნულის შესახებ დევიძემ განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
დავით დევიძეს მოსარჩელეთა ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ახლა რამდენიმე მოსარჩელემ შემოიტანა განცხადება საჯარო რეესტრში და ჩააბარა მოთხოვნა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და რეესტრში რეგისტრაციისთვის. ჩემი აზრით, კარგია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტმა ისარგებლოს ამით. ახლა მაცნობეს და გითხარით“, – განაცხადა დავით დევიძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს გაიმართა და საკითხების განხილვა დღესაც გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეტანილი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.