საჯარო რეესტრი - რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ, – ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
„საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი. ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია.
შემთხვევის დროს თითოეული მათგანი მეწყრული ზონიდან მოშორებით, ველზე ახორციელებდა საამზომველო სამუშაოებს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
სააგენტომ სტიქიის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინა თითოეული მათგანის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში. ამ დროისთვის საჯარო რეესტრის ყველა ამზომველი (მთელი ქვეყნის მასშტაბით) იმყოფება მათთვის უსაფრთხო გარემოში.
შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ამზომველები, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ საამზომველო სამუშაოებს, მათ შორის რაჭაშიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.