საირმის საკარანტინო სივრცე დღეს 22 მოქალაქემ დატოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.
უწყების ცნობით, მოქალაქეთა წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ტრანსპორტირება კი საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
„იმერეთის რეგიონში ოთხი საკარანტინო ზონა არის მოწყობილი. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.
საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.