საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით მიმართა
საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით მიმართა

საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. ოთხი მოქალაქისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება საერთო სასამართლოებს უნდა გადაეცეს.

მოთხოვნის მიზეზად, საინიციატივო ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმება დაასახელა.

„ეს არის მავნებელი გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც უმართავ პროცესებს მივიღებთ. პარლამენტს მოვუწოდებთ, მოახდინოს ამ მავნებელი გადაწყვეტილების დეზავუირება. ამის მექანიზმი საქართველოს პარლამენტს აქვს, ინიცირება 76 დეპუტატს შეუძლია. ასევე, ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას,”- განაცხადა ჯგუფის წევრმა, სოსო მანჯავიძემ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ვარაუდობენ, რომ საკონსტიტუციო სასმართლო მომავალში  ერთსქესიანთა ქორწინებას და სხვა სახის ნარკოტიკების მოხმარებას დააკანონებს.

ერთ-ერთი ინიციატორის, კობა დავითაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. დავითაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, ერთად შეცვალონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„უმორჩილესად გთხოვთ, როგორც თქვენი პატივისმცემელი, ერთად შევცვალოთ ეს მცდარი გადაწყვეტილება. არ მჯერა სასამართლო დამოუკიდებლობის მითის. ვინც განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით გირჩიათ, რომ ეს საკითხი შემოვლითი გზით, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით მოგეგვარებინათ, ის მტერია ამ ქვეყნისა”,- განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ინიციატორები აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ განახორციელებს, 200 000 ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს დააკმაყოფილა „გირჩის” სარჩელი, რომლის თანახმადაც მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სახის ჯარიმა გაუქმდა.