საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების ნიველირება, რომლითაც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია მოხდა.
გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფის წევრის კობა დავითაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საერთო სასამართლოებს უნდა გადაეცეს.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, მათ შორის არც საკონსტიტუციო სასამართლო. უნდა გატარდეს რეფორმა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები უნდა გადაეცეს საერთო სასამართლოებს, რაც მოქალაქეთათვის საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას ხელმისაწვდომს გახდის. ადამიანი არ იქნება იძულებული, წავიდეს ბათუმში, რომ საკონსტიტუციო სამართალს მიაღწიოს. ისე, როგორც ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, სადაც არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არ ვაპირებთ, მოვითმინოთ ისეთი ორგანოს არსებობა, რომელსაც გამოაქვს ერისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება არც შეიძლება. საკონსტიტუციო სასამართლოს რომ უნდოდეს, თავის გადაწყვეტილებას ვერ გააუქმებს, ამის პროცედურა არ არსებობს“, – აცხადებს კობა დავითაშვილი.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის განცხადებით, საკითხს პარლამენტში ლობირებას „პატრიოტთა ალიანსი“ გაუწევს.
,,დღეს მიდის აგრესიული პროპაგანდა, თითქოს ნარკოტიკი არ არის სახიფათო, თითქოს მის მოხმარებას არ მოჰყვება ნეგატიური შედეგები. ეს ასე არ არის. ნარკოტიკი არის სახიფათო ჩვენი მომავალი თაობისთვის. ყველა პარლამენტარი უნდა გაერთიანდეს, იმიტომ ვითხოვთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომაც იგრძნოს, ის არ დგას სახელმწიფოსა და ერზე მაღლა. მთავარია, გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი იმ საზიანო შედეგებისგან, რაც დღეს უკვე სახეზეა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ლობისტი პარლამენტში. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც პარლამენტის შიგნით, ისე პარლამენტს მიღმა, ვგულისხმობ საინფორმაციო კამპანიას“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის არიან პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, არასამთავრობო ორგანიაზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მაროშკინა, ჯგუფის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი მანჩო გიორგობიანი, იურისტი და ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი, ეკონომისტი გიორგი ქებურია, ვეტერანთა კავშირის წევრი მალხაზ თოფურია, შოუბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ხათუნა ჟორდანია და ნინი ქარსელაძე.