საიმონ მაკდონალდი - კონფლიქტების მოგვარებისთვის, ისევე როგორც რუსულ აგრესიაზე პასუხად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა
საიმონ მაკდონალდი - კონფლიქტების მოგვარებისთვის, ისევე როგორც რუსულ აგრესიაზე პასუხად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა

დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში რუსეთსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს.

საიმონ მაკდონალდის თქმით, კონფლიქტების მოგვარებისთვის, ისევე როგორც რუსულ აგრესიაზე პასუხად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

„ვფიქრობ, რომ თანმიმდევრულობა, თქვენი პრინციპების დაცვა, გასაჯაროება იმის, რაც ხდება, პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობა – ეს არის რეაგირების ყველაზე ეფექტური გზები. მე ვფიქრობ საქართველო უკვე აკეთებს ამ ყველაფერს.

36 წელია დიპლომატი ვარ და ვიცი, რომ დიპლომატიაში დიალოგი ყოველთვის მომხიბვლელი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის უკეთესი ალტერნატივაა“,- განაცხადა საიმონ მაკდონალდმა პირველ არხთან საუბრისას.

ბრიტანელი დიპლომატი ინტერვიუში უსაფრთხოების მიმართულებით ქართულ-ბრიტანულ თანამშრომლობასაც შეეხო და მის შედეგებზე ისაუბრა. საიმონ მაკდონალდმა დიდი ბრიტანეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დაძაბული ურთიერთობების ჭრილში სკრიპალის საქმე გაიხსენა. მიმდინარე წლის მარტში, რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მათი მოწამვლა მოხდა რუსეთში შემუშავებული სამხედრო კლასის პარალეპტიკური ნივთიერებით, სახელწოდებით „ნოვიჩოკით“.

„ჩვენ პირდაპირი გამოცდილება გვქონდა ამ წლის მარტში თავდასხმისა ბრიტანეთის ტერიტორიაზე. გამოძიება ჯერ კიდევ მიდის, მაგრამ მტკიცებულებების მიხედვით, დიდი ალბათობით სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის უკან რუსეთი იდგა. ამ კვირაში ჩვენ გვქონდა ცნობა მეორე მომწამვლელი ნივთიერების – ნერვული აგენტის ინციდენტის შესახებ ეიმსბერიში, რომელი საკმაოდ ახლოს არის სოლსბერისთან. ამის შესახებ მეტ ინფორმაციას უახლოეს დღეებში ველით, მაგრამ ფაქტი, რომელიც უკვე ვიცით არის ის, რომ იგივე ნერვული აგენტი, „ნოვიჩოკი“ იყო გამოყენებული, დიდი ალბათობით.

ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური დაპირისპირების გზით წავედით. ვნახეთ, რომ ცოტა ხნის წინ, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში საქართველომ დიდ ბრიტანეთთან მჭიდროდ იმუშავა იმისთვის, რომ მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება, ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია გაძლიერებულიყო. რუსები ძალიან უკმაყოფილოები არიან ამის გამო, რადგან ისინი ამის წინააღმდეგ მიდიოდნენ. საქართველომ აქტიურად იმუშავა და მისი დახმარებით ბრიტანეთმა სწორი შედეგი მიიღო“,- განაცხადა საიმონ მაკდონალდმა.