საია-ში საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელთან შეხვედრა იმართება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე იმედოვნებს, რომ დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო გააკეთებენ განმარტებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილისთვის ხელშეკრულების პირობების შეცვლის გადაწყვეტილებაზე.
საია-ში საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელთან შეხვედრა იმართება, რომელთაც ხელშეკრულებების პირობების შეცვლა შესთავაზეს.
სალაძის თქმით, ვიდრე აღნიშნული დოკუმენტი არ გაფორმდება, პირობები შეცვლილი არ არის და ძალაშია ამ დრომდე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
„ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა პრინციპით შეარჩიეს ეს ადამიანები. პირობითად, თუ არის 20 მემონტაჟე და ეს შეტყობინება მისდის მხოლოდ ხუთ მემონტაჟეს, იქვე უნდა დაისვას კითხვა, რა პრინციპით იქნა შერჩეული აღნიშნული ხუთი მემონტაჟე. აღნიშნული შეთავაზება რეალურად არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, რომ ერთხელ მაინც დაავალებს ამ ადამიანებს კონკრეტული უფლებამოსილების შესრულებას“, – განაცხადა სალაძემ.
სალაძის შეფასებით, თავისი არსით შეთავაზება უფრო ახლოს დგას სამსახურიდან გათავისუფლებასთან.
„ამიტომ, გვინდა ამ ადამიანებს მოვუსმინოთ, მათი პოზიციები გავიგოთ, რას ფიქრობენ, რა პროცესი იყო მანამდე, იყო თუ არა რამე ტიპის შეფასების დოკუმენტები გამოყენებული“, – აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.