საია-სა და EMC-ის კვლევა - ღამის კლუბებში საპოლიციო ღონისძიებები გათვლილი იყო სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის და ძალის დემონსტრირებაზე
12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები გათვლილი იყო სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის და ძალის დემონსტრირებაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევაში.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ არც ერთი ვერსია, რომელზეც შსს საუბრობდა ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, არ არის მყარი.
EMC-ის ხელმძღვანელის, სოფო ვერძეულის განცხადებით, აღნიშნულს კიდევ უფრო ამყარებს ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც, ვერძეულის თქმით, დაიგეგმა და ჩატარდა აღნოშნული საპოლიციო ოპერაცია.
„ჩვენ კარგად გვახსოვს კლუბების ჩხრეკამდე ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევები, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის ურთიერთბრალდებების საკითხი გახდა და დაიწყო ძალიან სერიოზული თავდასხმები ზოგადად ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების, მათ შორის, კლუბ „ბასიანისა“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიმართ, რამაც საფუძველი შეუქმნა ამ მასშტაბით საპოლიციო ოპერაციის ჩატარებას“,- განაცხადა ვერძეულმა.
მისივე თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ამ საპოლიციო ოპერაციას ჰქონდა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი მიზანი.
„მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა პირის დაკავება მოხდა კლუბების ტერიტორიის გარეთ და არც ერთი პირის დაკავება კლუბში არ მომხდარა. კითხვის ნიშნის ქვეშაა საკითხი, რატომ გახდა საჭირო სწორედ იმ დროს, ამ მასშტაბის საპოლიციო ოპერაციის ჩატარება, როცა კლუბებში მიმდინარეობდა დაგეგმილი ღონისძიებები და ადგილზე ათეულობით მოქალაქე იმყოფებოდა.
რაც შეეხება ცალკეულ გადაცდომებს, კვლევაში საუბარია ადგილზე პოლიციის მხრიდან ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაზე, მათ შორის შსს მიუთითებდა, რომ ადგილზე არ გაუჩხრეკია არავინ და ოფიციალური დოკუმენტაციაც არ მიუთითებდა ადამიანების პირად ჩხრეკაზე, თუმცა ჩვენ კვლევის წარმოების პროცესში გამოვავლინეთ დაახლოებით ხუთი შემთხვევა, როცა მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ადგილზე, კლუბებში ისინი გაჩხრიკეს.
თუმცა პირადი ჩხრეკის შესახებ არსად დაფიქსირებული არ არის, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დარღვევაა“,- აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
ვერძეულის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ოპერაციის ჩატარების დრო. მისივე ინფორმაციით, ღამის საათებში ჩხრეკის ჩატარებას კანონმდებლობა კრძალავს, თუ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა არ არსებობს.
„არსად არ იყო მითითებული, რომ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა. მთავარი პრობლემაა ის, რომ სასამართლომ, რომელმაც გასცა ჩხრეკის განჩინება, არსად არ უთითებს თითოეულ კლუბთან მიმართებით რა იყო ჩხრეკის საფუძველი და რა იყო ის ნივთი ან ობიექტი, რომელიც უნდა ამოეღო შსს-ს ამ კლუბებიდან, რაც არის სერიოზული პრობლემა“,- განაცხადა ვერძეულმა.
კვლევის ავტორები რეკომენდაციით მიმართავენ საქართველოს პროკურატურას, რომ პოლიციის მხრიდან გადაცდომების იმ ინციდენტებზე, რომელსაც მათივე თქმით, ადგილი ჰქონდა კლუბის შიგნით და გარეთ, დაიწყოს გამოძიება, მათ შორის პირადი ჩხრეკების საქმეზეც, ძალის გადამეტების ერთეულ ინციდენტებზე.
მათივე თქმით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა მოიკვლიოს „ბასიანის“ გარეთ სპონტანური აქციის დაშლის საკითხი.
„ჩვენ კვლევაში ვაფასებთ, რომ ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი აქციის დაშლას პოლიციის მხრიდან, რასაც სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა სოფო ვერძეულმა.