საია-ს წარმომადგენელი - დღეს ვხედავთ „კლანის“ ერთ-ერთი ლიდერის და წევრის, გვრიტიშვილის და მურუსიძის წევრობას იუსტიციის საბჭოში, რაც ძალიან ცუდია
დღეს ვხედავთ „კლანის“ ერთ-ერთი ლიდერის და წევრის, გვრიტიშვილის და მურუსიძის წევრობას იუსტიციის საბჭოში, რაც ძალიან ცუდია, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ნანუკა ყრუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი შეფასებით, დღევანდელი პროცესები ნამდვილად მიმდინარეობდა ისე, როგორც კლანს შეეფერება. ჩვენთვის სიურპრიზი იყო ის, რომ ორი კანდიდატურა და ვაკანტური ადგილი არსებობდა. დღეს ლევან მურუსიძემ თავისი თავი დაასახელა. ეს პროცესი მბრუნავი კარის პრინციპს შეესაბამება. ანუ ერთი და იგივე ადამიანები ინიშნებიან მსგავს პოზიციებზე. დღეს ვხედავთ კლანის ერთ-ერთი ლიდერის და წევრის, გვრიტიშვილის და მურუსიძის წევრობას საბჭოში, რაც ძალიან ცუდია. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს სწორედ იმიტომ, რომ დაეზღვიათ და ფაქტობრივად, რისკ-მენეჯმენტი გაეწიათ სასამართლოს გარშემო დღეს დატრიალებულ სკანდალურ ინფორმაციაზე.
შემთხვევითი არ არის ასევე ისიც, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს. მათ ასევე უნდათ, რომ არამოსამართლე წევრებისგან ნებისმიერი დამოუკიდებლობის შეტანის ნაპერწკალიც კი ჩააქრონ საბჭოს შემადგენლობიდან. კვლავ ვაგრძელებთ ობიექტურად დაკვირვებას ამ პროცესების და იმედი გვაქვს, რომ ყველანაირად ხელს შევუშლით კლანის გავრცელებას მართლმსაჯულებია სისტემაში“,- განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა.
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს.სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.