საია-მ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისას ანა დოლიძის აცილებაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა
საია-მ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისას ანა დოლიძის აცილებაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ანა დოლიძის აცილების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მსგავსი ქმედებები კრიტიკული აზრის მიმართ სისტემის დამოკიდებულების მაჩვენებელია.

„ჩვენი სარჩელი ეხება 2018 წლის 6-7-8 თებერვალს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული სხდომებიდან კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით საბჭოს წევრის, ანა დოლიძის აცილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები არის კანონსაწინააღმდეგოდ მიღებული და ამ გადაწყვეტილებებით ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებები ილახება. მას არ ეძლევა კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, ანუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ჩართულობა”, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა მიშა ჯახუამ.

მისივე თქმით, თუ სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, კითხვები მოსამართლეების შერჩევის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს, თუმცა მათი კენჭისყრაზე ხელახლა გაყვანის მოთხოვნა არ აქვთ.

 

ავტორი: ვაკო ორმოცაძე