საია - კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო
დღის 10:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.
„ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
სალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საია-ს დამკვირვებლების მიერ ათზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა.
„მათ შორის გარდაბნის #19 უბანზე 7 საათის შემდეგ საია-ს დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი); ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს – უმეტესი მათგანი გასაჩვრებულია; შუახევში #41 უბანზე წილის ყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).
მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს. გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტოვიდეო გადაღების წესების დარღევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუში #17, ზუგდიდში #24 და ბათუმის #35 უბნები).
კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას. ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
ამასთან, საია-ში განმარტავენ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ეყოლება.
„საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საია-ში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ“, – აცხადებენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.