საია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისაკენ მოუწოდებენ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისაკენ მოუწოდებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება სისხლის სამართლის ორ საქმეს, რომელშიც, სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ფიგურირებს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო ცემის ფაქტი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქცია და პროკურატურას მიმართოს, გაჭიანურებული გამოძიებების სწრაფად და ეფექტურად გამოძიების მიზნით.
„საია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმიანებიან ორ სისხლის სამართლის საქმეს, რომლებშიც სავარაუდოდ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს. ერთ შემთხვევაში პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურება, ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ამ დრომდე განხორციელებული ხარვეზიანი მართლმსაჯულება ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, მის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
2016 წლის აგვისტოში დაიწყო და კვლავ ჭიანურდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ამავე ფაქტიდან გამომდინარეობს და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის მიერ გიორგი მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე (მოსამართლის მიმართ მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ამ საქმის გამოძიება დასრულებულია და ამჟამად საქმეს განიხილავს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო. ორივე საქმეზე წელიწად ნახევრის განმავლობაში განვითარებული მოვლენები მიუთითებს შერჩევით მიდგომაზე და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა ამ საქმეებში, კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ, ხელს უშლის მოქალაქის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ არის მოქალაქეების სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მაღალი ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს გამოძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით (ფაქტზე გავრცელებულია ვიდეო ჩანაწერიც), სერიოზულ ზიანს აყენებს მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და სანდოობას. ასევე, არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გაჭიანურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
მოვუწოდებთ გიორგი მიქაუტაძეს:
• სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის და მართლმსაჯულების განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის დაცვის მიზნით, გადადგეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის და შესაბამისად, საბჭოს მდივნის თანამდებობიდან;
მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას:
• სწრაფად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიძიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო ცემის ფაქტი.
მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:
• შეასრულოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის დაცვის მასზე დაკისრებული ფუნქცია და პროკურატურასმიმართოს მიმდინარე გაჭიანურებული გამოძიებების სწრაფად, ყოველმხრივ და ეფექტურად გამოძიების, საზოგადოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდების მიზნით“, – აღნიშულია განცხადებაში.