„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) 20-21 ივნისის მოვლენებზე ანგარიშს მოამზადებს.
როგორც საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ განაცხადა, ანგარიშში გაანალიზდება უფლების დარღვევის სისტემური და ინდივიდუალური შემთხვევები და მოიცავს შემდეგ საკითხებს: მშვიდობიანი შეკრების უფლება და აქციის დაშლის ფორმალური საფუძველი; აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდების ანალიზი; აქციის დაშლისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების, მათ შორის ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევების ანალიზი; 20-21 ივნისის აქციასთან კავშირში მყოფი პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკის ანალიზი; პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში განხილული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი.
სულხან სალაძის განცხადებით, აქციის დაშლას ადმინისტრაციული წესით 305 დაკავება მოჰყვა, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება არაერთმა პირმა მიიღო.
მისი თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქციის დაშლისას დაკავებული და დაზარალებული პირების საქმეებში თავიდანვე ჩაერთო. ამ დროისთვის, საია-მ 74 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სამართალდარვევის საქმე აწარმოა. აღნიშნული საქმეებიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ 15 პირის ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის მოტივით, ხოლო შენიშვნა 16 პირის საქმეზე გამოიყენა, 17 თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა და მათ საქმეებს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ყველაზე მკაცრი სანქცია – ადმინისტრაციული პატიმრობა პირველი ინსტანციის სასამართლომ 20 პირს შეუფარდა, რომელთაც შემდგომ პატიმრობის ვადა შეუმცირდათ და გათავისუფლდნენ. საია-ს წარმოებაში არსებულ ექვსი პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დროისთვის გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და მათი განხილვა გრძელდება.
სულხან სალაძის განცხადებით, საია ამ დროისთვის ასევე იცავს 17 დაზარალებულ პირს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც გენერალურ პროკურატურაშუ უკვე ამოიკითხნენ.
ანგარიში, რომელსაც საია ამზადებს, სავარაუდოდ ნოემბერში იქნება მზად.