საჰაერო თავდაცვის 26 წლის იუბილე ალექსეევკას შერეული ესკადრილიის ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული დღე საჰაერო თავდაცვის ბრიგადის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
მათ სიტყვით მიმართვისას საჰაერო თავდაცვის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ღონისძიების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 56 წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალებში იმსახურებენ. ასევე, სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი გადაეცათ.
ღონისძიებას ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
„1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს. მას შემდეგ, საჰაერო თავდაცვის დღე 31 მაისს აღინიშნება. თავდაცვის ძალებში საჰაერო თავდაცვის განვითარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. წელს სრულდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. პარალელურად, გრძელდება მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენისა და არსებული საშუალებების მოდერნიზაციის კუთხით, რომელიც თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობის დროს დაიწყო. ამ მიზნით, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, კომპანია „რაფაელთან“ და მიმდინარე წლის ბოლომდე, არსებულ სისტემებს ჩაუტარდებათ სრული მოდერნიზაცია. ასევე, იგეგმება თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა, რომლითაც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.