საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემაში ტექნიკური ხარვეზის გამო ბრიტანეთში ასობით ავიარეისი გადაიდო
საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემაში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო დიდ ბრიტანეთში ასობით ავიარეისი გადაიდო. შეფერხება ათასობით მგზავრს შეეხო როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სისტემაში ტექნიკური ხარვეზი ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში წარმოიქმნა. შეფერხდა ავიადისპეტჩერების პროგრამული უზრუნველყოფა. ამის გამო დიდი ბრიტანეთის საჰაერო მიმოსვლის მართვის ეროვნულმა სამსახურმა ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. რამდენიმე საათში უწყებამ ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განაცხადა. ამის მიუხედავად, აეროპორტები და ავიახაზები მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია რეისების გადადება.
შეფერხების გამო გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში 500-ზე მეტი რეისი გაუქმდა.