საგზაო უსაფრთხოების საკითხზე 5-წუთიანი ფილმების კონკურსი გამოცხადდა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი „ევროკავშირი საგზაო უსაფრთხოებისთვის“, პროექტის ბენეფიციართან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ატარებს კონკურსს დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ჟანრის 5-წუთიანი ფილმის გადასაღებად საგზაო უსაფრთხოების თემაზე.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სოციალური შედეგების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „გლობალური სტატუსის ანგარიშების“ თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში მაღალია – მძღოლები მართავენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აჭარბებენ დადგენილ სიჩქარეს, მანქანის მართვის დროს აგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მონაწილეობენ დრიფტის შეჯიბრებებში დასახლებულ პუნქტებში და სხვ. ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 მაისი.
ჟიური, რომლის შემადგენლობაში, პროფესიონალ რეჟისორებთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები და ევროდელეგაციის წარმომადგენლები არიან, მეორე ეტაპზე გადასულ ფილმებს გამოავლენს. ამავე დროს, მეორე ეტაპზე გადასული ფილმები გამოქვეყნდება სოციალური მედიის არხებზე. ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულია პროექტის გვერდზე სოციალურ ქსელში“, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.