საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო
საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად, კახეთის რეგიონში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით დაგეგმილი მიზნებისა და ღონისძიებების შესრულების ფარგლებში განხორციელდა.
შესაბამისი ინფრასტრუქტურა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ოთხ მონაკვეთზე გაკეთდა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი შაქრიანის გზების შერწყმისა და განშტოების ადგილებზე მოეწყო წრიული მოძრაობები, უსაფრთხოების კუნძულები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები, ბოძკინტები, მოციმციმე შუქურები, ვიბრო ხმაურიანი ზოლები, გარე განათების ქსელი და სრულად განახლდა ასფალტ-ბეტონის საფარი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სახელშეკრულებო ღირებულებამ 2 110 000 ლარი შეადგინა.