საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
უხვი ნალექის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.
როგორც მცხეთის მერიაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები ადამიანური და ტექნიკური რესურსით.
„საგურამოში იმყოფებიან მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გაწმენდით სამუშაოებს მონიტორინგს უწევენ და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. უხვმა ნალექმა, საგურამოში, ასევე, შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სამსახური უკვე ინფორმირებულია და შესაძლებლობისთანავე, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები“, – აცხადებენ მცხეთის მერიაში.
როგორც მცხეთის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაწმენდითი სამუშაოების გარდა, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ჩატარდება სხვა ღონისძიებებიც.
„კოორდინაციაში ვიმყოფებით ყველა შესაბამის უწყებასთან. პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. გაწმენდითი სამუშაოების გარდა, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ჩატარდება სხვა ღონისძიებებიც. მათ შორის შესაბამისი კომისიის მიერ დაითვლება ზარალი“, – განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა.