საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლება სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება
საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლება სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან მე-3, მე-4 კლასებში დაიწყება. დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს „მე და საზოგადოებას“ გრიფი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია.
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ავტორია ნინო ტალახაძე. სახელმძღვანელო მოიცავს მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნს, ასევე მოსწავლის რვეულს.
ცნობილია, რომ „მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელოს შექმნაზე ექვსი სხვადასხვა საავტორი ჯგუფი მუშაობდა. თუმცა, ნინო ტალახაძის წიგნი ამ დროისთვის ერთადერთია, რომელსაც სამინისტრომ გრიფი მიანიჭა.
სკოლის დაწყებით საფეხურზე ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ წლების განმავლობაში მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სახელმძღვანელოს შექმნაზე სამინისტრო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, საგნის სტანდარტი 2017 წლის ივლისში დამტკიცდა.
სტანდარტის მიხედვით, „მე და საზოგადოებას“ მოსწავლეები ორი წლის განმავლობაში (III-IV კლასებში) ისწავლიან. შესაბამისად, სასწავლო პროგრამაც, ამავე პერიოდზეა გადანაწილებული. მაგალითად, მესამე კლასში ისწავლება ოჯახისა და მშობლების პატივისცემის საკითხები, თანატოლებთან ურთიერთობა, სხვადასხვა გარემოში მოქცევის წესები. მეოთხე კლასში კი შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა ოჯახისა და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება, საგზაო მოძრაობის წესები, საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესები, ბიჭსა და გოგოს შორის გენდერული თანასწორობა და თანასწორუფლებიანობა.