საგარეო უწყებაში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს მხრიდან სხდომას თავმჯდომარეობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე. აშშ-ის მხრიდან – სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კუტურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ალეიშა ვუდვარდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოში მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიებლერი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, იმსჯელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის საკითხებსა და ამ სფეროებში არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.