საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის

საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პროგრესის მიღწევის მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ.

საქართველოს პირველმა არხმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებასთან დაკავშირებით, „რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე, სავარაუდოდ, მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს“. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით კი, „საქართველო უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით“.

საგარეო უწყების განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის“, – აცხადებენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.