საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირან-აზერბაიჯანისა და ირან-სომხეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების პრობლემა მოგვარებულია
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ირან-აზერბაიჯანისა და ირან-სომხეთის საზღვარზე იყვნენ შეფერხებული, გადაადგილება უკვე უზრუნველყოფილია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პარტნიორ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი.
„პარტნიორ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ირან-აზერბაიჯანისა და ირან-სომხეთის საზღვარზე შეფერხებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს მიმართულებით, შეთანხმებული პროცედურების დაცვით, შემდგომი გადაადგილების შესაძლებლობა უზრუნველყო“, – აცხადებენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით და ამ ეტაპზე, ორივე მიმართულებით საკითხი გადაჭრილია.
ამასთან, აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მორიგ სხდომაზე იმსჯელა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობდა ირანიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოყვანისთვის, რომლებიც სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებოდნენ.