საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც ელჩობიდან წასვლაზე სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობა დღეს დატოვა.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია, საქართველოში იმყოფება.
„ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, ექვს თვეზე მეტია, იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ირაკლი კოპლატაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ, დღეს უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.