საგარეო უწყება - წელს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ
საგარეო უწყება - წელს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევისა და პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი წარმატებები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა წარადგინა.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

ასევე, შედგა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის არაერთი ვიზიტი.

„წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები საქართველოსათვის აქტუალური საკითხების წამოწევისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების საკითხი. გაკეთდა მხარდამჭერი განცხადებები პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.

81-მდე გაიზარდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდამჭერთა რაოდენობა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ კი, ზედიზედ მეორედ მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”, სადაც შეფასებულია ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უმწვავესი ვითარება და დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ასევე, 2018 წელს განხილული იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ორი კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“.

„აღნიშნული ანგარიშით ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1315-ე სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში კი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყების მუშაობის 2018 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 10 წლისთავზე ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაზე.  ამასთან, მომზადდა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიდეო მიმართვა.

ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2018 წელს 27-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია – TEN YEARS AFTER THE AUGUST 2008 WAR IN GEORGIA.

საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს ესტუმრა ოთხი ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენელი – ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი.

„ამოქმედდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი სირიასა და ნაურუზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გამო, რაც აღნიშნული ქვეყნებისათვის აშშ-ს მხრიდან ფინანსური შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს;  ლიეტუვის რესპუბლიკამ დააწესა სანქციები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შესულ პირებზე ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით; საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები იქნა მიღებული მათ შორის ევროპარლამენტის, ირლანდიის სენატის, ლიეტუვისა და პოლონეთის სეიმების მიერ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის მუშაობის ანგარიშში.