საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, ეროვნული დღის აღსანიშნავი საღამოები და კონცერტები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში.
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში მოეწყო 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიება, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დერეკ ჰოგანმა და თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, ლორა კუპერმა. ღონისძიება ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების კომპონენტებს მოიცავდა.
ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება, სადაც მოწვეულნი იყვნენ გაერო-სთან აკრედიტებული ქვეყნების წარმომადგენლები, ნიუ იორკში გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები და ქართული დიასპორა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფილადელფიაში და ნიუ იორკში ასევე გაიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიები, რომლებსაც, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ქართული დიასპორის წევრებიც ესწრებოდნენ.
ბუენოს აირესში გაიმართა 26 მაისის აღსანიშნავი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური და კულტურული წრეების წარმომადგენლები, არგენტინასა და ურუგვაიში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები.
ასევე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში და იაპონიაშიც მოეწყო. ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიის საიმპერატორო ოჯახის წევრი, პრინცესა ცუგუკო დაესწრო.
26 მაისთან დაკავშირებით რომის ცენტრში მდებარე ისტორიულ სასახლეში – Palazzo della Cancelleria-ში ცნობილი ქართველი პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის კონცერტი გაიმართა, რომელზეც ხელოვანმა ფრანც ლისტის, ფრედერიკ შოპენის, ფრანც შუბერტისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები შეასრულა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საღამო გაიმართა ბერნშიც. მიღების ფარგლებში გაიმართა საფორტეპიანო კონცერტი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ერთობლივი ქართულ-შვეიცარული მაჯის საათი „წმინდა დრო“ (San-Dro). საათის ციფერბლატზე გამოსახულია „მოყვავილე ჯვარი“, რომელიც შუასაუკუნეების ტრადიციული ქართული ორნამენტია.
ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გერმანიაში მოქმედი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული წრეების, სამხედრო და დიპლომატიური კორპუსის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მათიას ლუთენბერგმა და საქსონია-ანჰალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, გუნარ შელენბერგერმა.
ლონდონის ისტორიულ Vintner’s Hall-ში, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ასევე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ელჩმა სოფიო ქაცარავამ, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, კრისტოფერ ალანმა და პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოგლიმ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და „ქართული კულტურის ცენტრი – ქართული დიასპორა ირლანდიაში“ ერთობლივი ორგანიზებით, კორკსა და დუბლინში კონცერტები გამართა ანსამბლმა „ალილომ“.
ქალაქ ვენაში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური მიღება გამართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის საერთაშორისო და ევროპულ საკითხთა ფედერალური სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის წარმომადგენელმა, ელჩმა გერჰარდ ზაილერმა. ვენის ერთ-ერთ ისტორიულ სასახლეში საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „ბასიანმა“ შეასრულა ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები, აგრეთვე შესრულდა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.
ქალაქ ვარშავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო მიღებაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ქართული დიასპორა პოლონეთის რესპუბლიკაში. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიანა ჟღენტმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიულ მნიშვნელობაზე.
პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლისაბონში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება პორტუგალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების, ბიზნეს და კულტურული წრეების წარმომადგენლების, დიპლომატიური კორპუსისა და პორტუგალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის მონაწილეობით.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, 26 მაისს ვილნიუსში არსებულ თბილისის სახელობის სკვერში, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლის „ამერ-იმერის“ კონცერტი გაიმართა, ხოლო ტალინში გაიმართა საზეიმო მიღება.
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება რიგის ისტორიულ შენობა House of the Blackheads-ში გაიმართა, ხოლო დანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აღინიშნა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა სტოკჰოლმშიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით: სტოკჰოლმის მთავარ საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტი ჩატარდა. სტოკჰოლმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში კი გაიმართა საზეიმო მიღება. სტუმრებს შორის იყვნენ პოლიტიკური წრეების, შოუბიზნესის, კერძო სექტორისა და საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში საფრანგეთში საქართველოს საელჩომ ქართველთა ისტორიულ სათვისტომოსთან ერთად აღნიშნა 26 მაისი. 26 მაისის აღსანიშნავად, ჰააგის დიდი ტაძრის სამრეკლოში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა და შესრულდა სხვადასხვა ცნობილი ქართული კომპოზიცია, ბუდაპეშტში კი გაიმართა ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი.
სლოვენიაში, ლიუბლიანის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-სლოვენიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ სლოვენიის ხელისუფლების, სამოქალაქო და აკადემიური წრეების, ბიზნესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სლოვენიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები. მიღებაზე ლიუბლიანის ქალთა სიმღერის ანსამბლმა „კვალმა“ შეასრულა საქართველოსა და სლოვენიის სახელმწიფო ჰიმნები; ასევე, გუნდის მიერ შესრულდა ქართული პოლიფონიური სიმღერები. მიღებაზე გაიმართა ლიუბლიანაში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფის, ნინო ბექთეშაშვილის პრესონალური ფოტოგამოფენა.
რუმინეთში, ბუქარესტის დიპლომატიურ კლუბში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რუმინეთის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესის, კულტურის, აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, საქართველოს საელჩოს ოფისის სახელით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გალა ვახშამი გაიმართა. საზეიმო ვახშამს საპატიო სტუმრის რანგში სერბეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, პრინცესა ელიზაბეტა ესწრებოდა.
ასევე, იერუსალიმის პირველი ისტორიული სადგურის ტერიტორიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აჭარის დღე გაიმართა. ამასთან, იერუსალიმში ყოფილი ქართული მონასტრის ტერიტორიაზე გაიმართა მიღება, სადაც 1932 წელს სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის საფლავის ქვა არის აღმოჩენილი. აღნიშნული წარწერა, ისრაელის სიძველეთა სამსახურთან თანამშრომლობით, ბათუმის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დროს სცენაზე იყო წარმოდგენილი.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, ქართველი მომღერლები მანანა ჯაფარიძე და არჩილ გოგიტიძე. ასევე, „ნაციონალური სამოსის სახლის“ მიერ გაიმართა ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იზმირის ქემალფაშას რაიონში, იზმირის ქართული მეგობრობის ასოციაციის, ანკარაში საქართველოს საელჩოსა და იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისის თანაორგანიზებითა და ჩართულობით, გაიმართა ქართული საღამო, რომელსაც საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან ერთად, დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები.
ასევე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ერევანში, ტაშკენტსა და აშხაბადში.