საგარეო უწყება - საქართველო შეუერთდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში“, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატების ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველო შეუერთდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში“, რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია უწყების მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს
უწყების ცნობით, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ძლიერ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ამასთან, იგი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ, სრულად გაიყვანოს სამხედრო ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები; ხაზს უსვამს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლად ჩამოყალიბების თაობაზე.
საგამოძიებო კომისიის მანდატი მათ შორის მოიცავს, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულებების გამოძიებას, ასევე მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.