საგარეო უწყება - რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და მიმართულია რეგიონში დესტაბილიზაციისკენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რატიფიცირებას.
საქართველოს დიპლომატიური უწყების განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
„საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაციის გზით, მოსკოვი უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს, აიღოს და შეასრულოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მიზანმიმართულად უშლის ხელს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.
მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ხელი შეუშალოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას. მეტიც, რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და მიმართულია მთელ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციები, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობა, მათ შორის, თავისი სამხედრო შენაერთების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე.
მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის შორს მიმავალი აგრესიული პოლიტიკა და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა წინ აღუდგეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის დუმამ დღეს მოახდინა.