საგარეო უწყება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.