საგარეო უწყება - მაიკ პომპეომ დავით ზალკალიანთან საუბრისას მაღალი შეფასება მისცა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში მიღწეულ პროგრესს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის „მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში“ გახსნის ღონისძიებაზე ხანმოკლე შეხვედრა და საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორისა და მოკავშირის, როლი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა პოლონეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებაში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებისა და იმ უკანონო ქმედებების შესახებ, რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს – როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
მაიკ პომპეომ გამოხატა მზადყოფნა და მხარდაჭერა ქვეყნებს შორის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართ. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა გლობალურ საკითხებში. ამ მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ვენესუელასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციის გამო“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ინტენსიური კომუნიკაცია. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო დაგეგმილ და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და შეხვედრებს.