საგარეო უწყება - ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებული მასალა „ფეიკნიუსის“ კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს  
საგარეო უწყება - ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებული მასალა „ფეიკნიუსის“ კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს  

სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის, ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დღეს აღნიშნულ საიტზე გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.

როგორც უწყების პრესსამსახურში ამბობენ, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და ტირაჟირება ემსახურება საქართველოს ოპონენტების და მტრების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ ამ ინფორმაციის მყისიერ და აქტიურ ტირაჟირებას, ისე რომ არც უფიქრდებიან საიტის საეჭვო წარმომავლობას, ახდენენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. ცალსახაა, რომ ამ სტატიის ავტორებს სურთ, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, ყველაზე მყარ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საგარეო მიმართულებას! საეჭვო გახლავთ არა მხოლოდ აღნიშნული საიტის წარმომავლობა, არამედ ამ ინფორმაციის გავრცელების დროც.

ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და აღნიშნული ვიზიტის შედეგად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ახალ მასშტაბებს შეიძენს”, – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.