საგარეო უწყება - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით და გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
„ეს არის ლოგიკური და ევროკავშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ქალაქ ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.