საგარეო უწყება - ევროკავშირში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებს მიაკუთვნებენ, ამიტომ თავშესაფარზე განაცხადების უმეტესობა არ კმაყოფილდება
მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების უმეტესობა არ კმაყოფილდება. მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე და უკან აბრუნებენ სამშობლოში, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
პირველმა არხმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმართა, რომლის თანახმად, შვედეთმა გასულ წელს საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა თავშესაფარი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის თავშესაფარზე უარის თქმის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებენ.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის განაცხადის განხილვის ვადები შენგენის უმრავლეს ქვეყანაში მინიმუმამდეა დაყვანილი. ამგვარი მიდგომა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გამოიყენება იმის გამო, რომ ევროკავშირის/შენგენის მთელი რიგი ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებენ, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული სტანდარტებითა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობით.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განიხილება გამარტივებული პროცედურით და შემჭიდროვებულ ვადებში (ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე დღეში) და უმრავლეს შემთხვევაში გადაწყვეტილება არის უარყოფითი“, – განუცხადეს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ერთობლივი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი და ქვეყნის მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
„შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს და ზედმიწევნით დაიცვას უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობები“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, შვედეთის საიმიგრაციო სააგენტოს ინფორმაციით, 2017 შვედეთმა საქართველოს მოქალაქეების 963 მიმართვა განიხილა თავშესაფარი არც ერთ მათგანს არ მისცა.