საგარეო უწყება - ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებს
საგარეო უწყება - ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეოთხე თემატური ჯგუფის – „საინფორმაციო საზოგადოება; აუდიოვიზუალური და მედიის სფერო; მეცნიერება და ტექნოლოგიები; განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა; კულტურა, სპორტი და ფიზიკური აქტივობა“ რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიისა და ინსტრუმენტების სამმართველოს დირექტორის მოადგილე ბეატრის სალვადორ გარსია.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროგრესის შეფასებას ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით.

ევროპული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები.

ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, აუდიოვიზუალური პოლიტიკის, საინფორმაციო საზოგადოებისა და ტექნოლოგიების მმართველობის სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაწეულ ძალისხმევა და მიღწეული შედეგი.

სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ზემოაღნიშნულ სექტორებში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი და მოხდა შეთანხმება მომავალი ერთი წლის სამოქმედო ნაბიჯებზე.