საგარეო უწყება - ბელარუსსა და ლიეტუვაში საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყვეს, ასევე ხელი შეუწყვეს მათ დაბრუნებას
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო სირთულეები შეექმნათ, ბელარუსისა და ლიეტუვის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საელჩოებმა მათ ასევე გაუწიეს დახმარება საქართველოში გამოსამგზავრებლად.
„მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს. ბელარუსში საელჩოს ხელშეწყობით, 20 და 21 მარტს ავიაკომპანია „ბელავიამ“ განახორციელა ორი რეისი მინსკი-თბილისი და ერთი რეისი მინსკი-ბათუმი, რომელთა მეშვეობით ასობით საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. ასევე, საელჩოს დახმარებით, მინსკი-ერევნის რეისებით, საქართველოში ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდა 220-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის გამო აღმოჩნდნენ რთულ ფინანსურ ვითარებაში, საელჩომ და ბელარუსში ქართულმა დიასპორამ უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით. ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ვილნიუსი-მინსკი-ერევნის რეისით, საქართველოს 11 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. საელჩომ მოახდინა მათი ორგანიზებულად მიყვანა აეროპორტში და საკვებით მომარაგება. საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომელიც არსებული ვითარებიდან შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო დარჩა საცხოვრებლის გარეშე, საელჩომ უზრუნველყო დროებითი თავშესაფრით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, საელჩოს დახმარებით ორი მოქალაქე დასაქმდა სამშენებლო კომპანიაში, სადაც მათ ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართი.
„ამავე დროს, საელჩომ პირადი ხარჯებით მოახდინა ერთი პირისათვის ავტობუსის ბილეთის შეძენა ლიეტუვა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტიდან ვილნიუსამდე ჩამოსასვლელად და ხელი შეუწყო მის დასაქმებას ადგილობრივ საწარმოში.
საელჩოები საქართველოს მოქალაქეებთან რჩებიან მუდმივ კავშირზე, კონსულტაციას უწევენ და ინფორმაციას იღებენ მათი საჭიროებების შესახებ“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბამისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.