საგარეო უწყება - აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს  სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონის განვითარებისთვის მჭიდრო თანამშრომლობა
საგარეო უწყება - აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონის განვითარებისთვის მჭიდრო თანამშრომლობა

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ბაქოში და იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის მჭიდრო კავშირები ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრადიციული მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას.

მათივე ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება.

„კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღი 30 წელი და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ ქვეყნებს შორის შემდგომი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე მიმოხილული იქნა მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, გლობალურად არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევების გათვალისწინებით ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.

„მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირებს. მათ შორის აღინიშნა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და ა.შ. რაც მხარეთა შეფასებით, ზრდიან საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმზიდველობას და გააჩნიათ დიდი პოტენციალი ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის განახლების ფონზე ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვის გამო და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული სექტორული თანამშრომლობა და რეგულარული ხასიათის ეკონომიკური ფორმატების გამართვა კიდევ უფრო გაამყარებს არსებულ სავაჭრო მაჩვენებელს. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, როგორც ორივე ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებაზე და ამ მხრივ თანამშრომლობის კარგ შესაძლებლობებზე.

მინისტრებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული, საგანმანათლებლო, ხალხთაშორისი კავშირები და მიესალმნენ შემდგომ სხვადასხვა პროექტის მეშვეობით ამ კავშირების უფრო გაღრმავებისთვის მიმართულ ძალისხმევას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობას და მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.