საგარეო უწყება - 2018 წელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით წარმატებული იყო
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურად გამოყენების, ასევე სრულიად ახალი ფორმატის ჩამოყალიბების თვალსაზრისით 2018 წელი წარმატებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, 21 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების პირველი შეხვედრა.
„თანამშრომლობის ეს უნიკალური ფორმატი, რომელიც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთან ჩამოაყალიბა, ნათლად წარმოაჩენს ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების დინამიკას“, – აღნიშნავს საგარეო უწყება.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 97 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
განისაზღვრა ევროკავშირის დახმარების ოდენობა 2018 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და ითვალისწინებს 134 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას საქართველოსათვის.
ასევე, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა.
ამასთან, 2018 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე ყველა შესაბამისი უწყების, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევისა და პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი წარმატებები.