საგარეო უწყება - ​საქართველო უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს და ევროკომისიის წინა წლის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც პროგრესს განიცდის
საგარეო უწყება - ​საქართველო უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს და ევროკომისიის წინა წლის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც პროგრესს განიცდის

2021 წლის 4 აგვისტოს ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მე-4 ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უვიზო რეჟიმს დადებითი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს, როგორც პარტნიორი, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ საზღვრის მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის დახმარების პროგრამის SAFE-ისა და წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით ლატვიის ხელშეწყობით. ანგარიში მიესალმება, რომ 2021 წლის 11 თებერვალს საქართველომ განაახლა სამუშაო შეთანხმება ევროკავშირის საზღვრის მართვის სააგენტოსთან (Frontex). ანგარიში ასევე, მიესალმება საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც გაუმჯობესებული კონტროლის გზით, საქართველოს მხრიდან უვიზო რეჟიმის დარღვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ანგარიში ასევე მიესალმება ქვეყნის შიგნით მიგრაციის მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მათ შორის 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას, რისკების ანალიზის ერთიანი სისტემისთვის მეთოდოლოგიის დამტკიცებას და სხვა. ასევე, მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რომ საქართველოს 2021 წლის მარტიდან ევროპის მიგრაციის ქსელში (EMN) დამკვირვებლის სტატუსი აქვს. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეადმისიისა და დაბრუნების კუთხით, რაც უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად.

საერთო ჯამში, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ევროკომისიის წინა ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის საქართველოს მხარის ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების შემცირების მიზნით – საკანონმდებლო ცვლილებების, FRONTEX-თან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და პოლიციის ატაშეების ქსელის მეშვეობით. 2020 წელს საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, საიდანაც განსაკუთრებით შემცირდა თავშესაფრის განაცხადების რაოდენობა. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს თავშესაფრის განაცხადები 60 %-ით შემცირდა, ხოლო დადებითი გადაწყვეტილებების წილი 4,1 %-დან 4,6 %-მდე გაიზარდა. 2020 წელს საქართველოდან საზღვრის უკანონო კვეთის მხოლოდ 30 შემთხვევა დაფიქსირდა (2019 წელთან შედარებით 10-ჯერ ნაკლები). ასევე, შემცირდა (13 %-ით) ევროკავშირში უკანონოდ მყოფი პირების რიცხვი.

ანგარიში ზოგადად, დადებითად აფასებს უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან და ევროკავშირის სააგენტოებთან (Europol, Eurojust). ასევე, დადებითად არის შეფასებული საქართველოს მხრიდან ორგანიზებული დანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლა. წლის განმავლობაში, ქვეყნის მიერ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების, ადამიანებით უკანონო ვაჭრობისა და კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო და ოპერატიული საქმიანობა თანხვედრაში იყო ევროკავშირის რეკომენდაციებთან. საქართველო ასევე დადებით შეფასებას იმსახურებს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით – ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ყველა რეკომენდაცია ნაწილობრივ ან სრულად შესრულებულია. ევროკომისია ძალზედ დადებითად აფასებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყნის მიერ განხორციელებულ, როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, ისე საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობას. ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღას.

დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს უვიზო რეჟიმის წინაპირობებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) და 2020 წლის განმავლობაში ამ ქვეყნების მიერ, ევროკომისიის წინა ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებას აფასებს. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 7 წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში სარგებლობენ, ანგარიში ასევე მიმოიხილავს, თუ როგორ განაგრძობენ მოცემული ქვეყნები უვიზო რეჟიმისთვის განსაზღვრული წინაპირობების შესრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.